

მამუკა მდინარაძემ, რომელიც უგზავნიდა, როგორც ჩანს რამდენიმე ადამიანს მესიჯს ჩემთან დაკავშირებით, რომელიც მომზადდა იქ, სადაც მზადდება ხოლმე მესიჯები, გამოაგზავნა ჩემთან. სადაც ეწერა ეკა ბესელია და იწყებოდა ლანძღვა-გინება, რა უნდა ილაპარაკონ ეკა ბესელიაზე. რომ წავიკითხე მივხვდი, რა თქმა უნდა, რომ შეცდომით გამოაგზავნა ჩემთან. შემუშავდა მესიჯი, დამწკრივდნენ უმწიფარი ბიჭები, მართლა არაკაცები, რას დაემსგავსნენ მართლა, დამწკრივდნენ დილიდან და აკეთებენ ამ სამარცხვინო კომენტარებს. რატომ გავს ეს კომენტარები იცით ერთმანეთს?! ამ მესიჯში ის წერია, რასაც ისინი ლაპარაკობენ. ზუსტად იგივეა გამოგზავნილი, რაც ილაპარაკა მდინარაძემ, კობახიძემ, ვოლსკიმ. ვოლსკი არ გამორჩეს, ზარდიაშვილის დონეზეა უკვე დასული. ძველი ბიჭის ხმით ილაპარაკოს ეკა ბესელიაზე და მერე ძალიან მაგარი და ღირსეული პოზიცია ექნება. მშვიდობაში მასაც ეს როლი. ახლა ამათ რომ ვუყურებ მეცინება, რა დღეში არიან, ნახეთ რას დაემსგავსა ეს ყველაფერი. მე მაყურებელს ვუხდი ბოდიშს, რომ ეს მმართველი პარტიაა და ის პარტიაა, რომელიც მე დავტოვე ცოტა ხნის წინ. მრცხვენია მართლაც, რომ მე ამდენი წელი ამ პარტიაში ვიყავი. მესიჯში ეწერა, რომ უნდა მლანძღონ და მთათხონ და ასე ილაპარაკონ ჩემზე. მერე მივწერე მდინარაძეს ეს მესიჯი მე უნდა გავახმოვანო მეთქი? მერე მოყვა ამას მისი ახსნა-განმარტებები და ბოდიშები. ვის რაში უნდა მისი ბოდიშები, მე არც კობახიძის ბოდიში მივიღე. ყველამ დაინახა ეს სამარცხვინო კადრი, როცა უმრავლესობის სხდომაზე, ივანიშვილს კობახიძე ხელით მოჰყავდა ჩემთან ბოდიშის მოსახდელად და მე ვუთხარი რომ არ მივიღებდი ამ ბოდიშს და მივუთითე ადგილი იქ დაჯექითქო და ყველას თანდასწრებით მოიხადე ბოდიში მეთქი და მოიხადა, რადგან უთხრეს, თუ არ მოიხდიდა თანამდებობას დატოვებდა.
დიახ, იყო ასეთი ფაქტი, თანაგუნდელებისთვის გასაგზავნი მესიჯი არ იყო ოღონდ, ხშირად დამმართნია მსგავსი სხვათაშორის და ალბათ თქვენც, როცა შეცდომით მესიჯი გადაგიგზავნიათ. ნინო წილოსანმა მკითხა, რა პოზიციები იყო დღეს რა მესიჯები გახმოვანდა და ჩამოყრილი მქონდა და ახლავე ჩაგიგდებ მეთქი ვუთხარი, წინ ვეჯექი წილოსანს მის ოთახში და შეცდომით, ეტყობა ბესელიაზე ბევრს ვფიქრობ, თავად ბესელიას გადავუგზავნე მესიჯი. მე ბოდიშები არ მომიხდია, მიმოწერა გავაგრძელეთ და ის მესიჯი წავშალე, იმიტომ რომ არ იყო ეკასთვის განკუთვნილი, სიმართლე თქვა, ერთადერთი ეს მხარე. გავაგრძელეთ საუბარი და ვუთხარი, რომ ოჯახები გვყავს და ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ პოლიტიკის შემდეგაც და ნუ იკადრებს იმას, რასაც კადრულობს. რომ მე არ ვაპირებ ვინმეს რამე დავაბრალო. ტყუილია რომ ლანძღვა იყო, იყო დღევანდელი პოზიციები, რაც გახმოვანდა ჩვენი კოლეგების მხრიდან. ბოდიშის მაგვარი არცერთი სიტყვა არ თქმულა.